ქალთა უფლება საკუთრებაზე და მისი შეძენის რეალური შესაძლებლობა

არასამთავრობო ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარემ ესმა გუმბერიძემ, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონებს, მოამზადა სტატია ორგანიზაცია კავკასიური სახლის მიერ ორგანიზებული სალექციო კურსის – სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა – ფარგლებში. 

Read the article in English

ქალების საკუთრების უფლებები ქართულ კანონმდებლობაში

საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა განაცხადა რომ საკუთრების უფლება სამი ბუნებითი უფლებიდან ერთ-ერთია. საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მე-19 მუხლი (ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები), რაც გულისხმობს რომ აღნიშნული დოკუმენტი აღიარებს საკუთრების უფლებას როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის იმავე თავის მე-11 მუხლში ნათქვამია რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია სქესის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და მე-11 მუხლები ერთიანობაში ადგენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას საკუთრების უფლებასთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების სათანადო აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი ერთ-ერთი კანონი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი - ერთმანეთისგან არ მიჯნავს ქალს და მამაკაცს საკუთრების უფლების ჭრილში, მათ შორის ქონების შეძენისას, მისი მართვისას, გაყიდვის ან სხვაზე გადაცემის დროს. ამ კოდექსის ყველა საკონტრაქტო (მათ შორის ქონების ყიდვა/გაყიდვის მარეგულირებელი), საოჯახო და სამემკვიდრეო ნორმები არის გენდერულად ნეიტრალური. ამ კოდექსის მიხედვით, ცოლ-ქმარს ოჯახში აქვს თანაბარი საკუთრების უფლება და მოვალეობები.

ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინებიც (მეუღლე, მემკვიდრე ისევე როგორც სხვა საკონტრაქტო ცნებები) გენდერულად ნეიტრალურია ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არცერთი მათგანი არ შეიცავს კონკრეტულ სქესზე მინიშნებას. ამდენად, შესაძლოა ითქვას რომ საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას აძლევს ქალებს ისარგებლონ საკუთრების უფლებებით და რომ ისინი არიან კაცების თანასწორები.

გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის კონვენციის 15.2 მუხლის მიხედვით, ხელმომწერი ქვეყნები (მათ შორის საქართველოც, რომელიც კონვენციას 1994 წელს შეუერთდა) ვალდებულები არიან უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებები სამოქალაქო ურთიერთობების დროს, განსაკუთრებით საკუთრების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, მართვის და ყიდვა-გაყიდვის დროს. „საკუთრების უფლება“ მოიცავს ამ ტერმინის როგორც ფართო (კანონის თანახმად ფლობის, ყიდვის, ქონების შეძენის უფლებებს/საშუალებებს/მექანიზმებს/შესაძლებლობებს) ასევე უფრო ვიწრო (სპეციფიკური ქონების ფლობის შემთხვევაში საკუთრების უფლებების გამოყენება) გაგებას. 


ქალთა საკუთრების უფლება როგორც ძალადობისგან თავდაცვის საშუალება

დღეს საქართველოში ქალთა საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. სახელმწიფო პროგრამების დონეზეც არსებობს დისკრიმინაციული პოლიტიკა. ქალთა უფლებების დამცველ დიდ ორგანიზაციებს არ ჩაუტარებიათ ბევრი კვლევა რეალურად რამდენად ხელმისაწვდომია ქალებისთვის საკუთრების უფლება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც რომ საქართველოს კანონმდებლობის გენდერულად ნეიტრალური ტექსტი გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს, და აქტივისტებს ხშირად უწევთ დაეყრდნონ არაოფიციალური წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას (სხვადასხვა კონფერენციებზე და შეხვედრებზე განხილული საკითხები). 

მაგალითად, პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარის განცხადებით, საცხოვრებელი ფართის გადაცემის პროცესში, თუ ოჯახს ყავს უფროსი ასაკის ვაჟი, ოჯახს აძლევენ ორ ბინას; თუმცა თუ ოჯახს უფროსი ასაკის ქალიშვილის ყავს, სახელმწიფო მათ მხოლოდ ერთ ბინას აძლევს. არაფორმალურ დისკუსიებში, საჯარო მოხელეები არც კი მალავენ რომ ამის მიზეზი ის ფაქტია რომ ქალები გათხოვების შემდეგ ქმრების ოჯახებში მიდიან საცხოვრებლად, მაშინ როცა კაცებს მოჰყავთ ცოლები თავის სახლში. ასეთი შეზღუდვები აიძულებს ქალებს გათხოვდნენ რადგან სხვაგვარად მათ არ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი და დარჩნენ იურიდიული/ეკონომიკური/სოციალური პროტექციის ან მეურვეობის გარეშე. სახელმწიფო თავისი პოლიტიკით არ ეხმარება ქალებს შეიძინონ ქონება. იმ შემთხვევაში როცა ოჯახში რამდენიმე დედმამიშვილია, ნაკლებად სავარაუდოა რომ გოგონამ მიიღოს წილი მშობლების ქონებიდან მათი გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე მისმა ძმამ, რადგან ითვლება რომ გოგონა გათხოვდება და იცხოვრებს ქმრის საკუთრებაში მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ხშირად, რადგან გოგონას არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი ფართი, იძულებული ხდება დარჩეს საცხოვრებლად მოძალადე ოჯახის წევრებთან. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მის მოძალადე, ალკოჰოლზე დამოკიდებულ ქმართან. ეს მოხდა იმის გამო რომ ასეთი იყო ძმის მოთხოვნა და საკუთარი ოჯახის წევრებმა ის დაადანაშაულეს ოჯახის დანგრევაში. ვინაიდან ქალს არჩევანი ჰქონდა მხოლოდ ძმის/მშობლების სახლსა და ქმრის სახლს შორის, და მისმა ოჯახმა ის არ მიიღო უკან, ქალი იძულებული გახდა ქმართან დაბრუნებულიყო. ასეთი ვითარება ზიანს აყენებს ბავშვსაც, რომელიც ხდება ძალადობის მოწმე და იზრდება არაჯანსაღ გარემოში. ასეთი საქმეები, საერთაშორისო პრაქტიკით და თბილისის საქალაქო სასამართლოს #5504-17განაჩენით, შესაძლოა შეფასდეს როგორც ბავშვის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობა. 

ქალების საკუთრების უფლებების უზრუნველყოფა ამცირებს მათ მიმართ ძალადობის რისკს, რადგან ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული პოტენციურ მოძალადეებზე და აქედან გამომდინარე იძულებული არიან აიტანონ ფიზიკური ძალადობა საკუთრების უფლების არ ქონის გამო და არ შეუძლიათ დაშორდნენ მოძალადეს ან დაიწყონ სამართლებრივი პროცედურები (მიმართონ პოლიციას, და ა.შ) მათ წინააღმდეგ. 13 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისა და ქალთა ორი ქსელის მიერ 2014 წლის ივნისში გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები თავს არიდებენ განაცხადონ ძალადობის შესახებ, რადგან ეშინიათ დაიწყონ სისხლის სამართლის პროცედურები მოძალადეების წანააღმდეგ, განსაკუთრებით თუ ისინი ოჯახის ერთადერთი მარჩენალები არიან. აქედან გამომდინარე, საკუთრების ფლობა ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ამცირებს მათ მიმართ ეკონომიკური ან სხვა სახის ძალადობის რისკებს. 

property-rights-of-women-in-georgia

საქართველოში ქალთა საკუთრების უფლებების დაცვის რეალური სტატუსი (მოკლე მიმოხილვა)

2014 წლის ივნისში, „ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებული საქართველოს სახელმწიფოს მე-4 და მე-5 პერიოდული ანგარიშების საპასუხოდ 13 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა და წარადგინა ალტერნატიული ანგარიში გაეროს კომიტეტში (CEDAW). ამ ანგარიშის თანახმად, რეგიონებში მცხოვრები ქალების დიდი უმრავლესობა არ ფლობს სტრატეგიულ ქონებას. (სამწუხაროდ აღნიშნული ანგარიში არ შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს: რეგიონში რეგისტრირებული სტრატეგიული/უძრავი ქონების რა პროცენტს ფლობდნენ ქალები, ან მსგავსი ქონების მფლობელი ქალების პროცენტი ვინც მშობლებისგან იღებს მემკვიდრეობით ასეთ ქონებას. ეს მიუთითებს იმაზე რომ სამოქალაქო საზოგადოებაც კი არ ამახვილებს საკმარის ყურადღებას აღნიშნულ პრობლემას და ანგარიში ამ საკითხს მხოლოდ გაკვრით ეხება). ისინი ცხოვრობენ მათი მშობლების ან ქმრების სახლში და არ ითვლებიან მესაკუთრეებად. ანგარიშის მიხედვით, ქალები და მათი ოჯახები არ მიჯნავენ კატეგორიებად მაგალითად „ოჯახის შემოსავალს“ და „ქალის შემოსავალს,“ ან „ოჯახის ქონებას“ და „ქალის ქონებას“. რეგიონში მცხოვრებ ქალებს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, ნაკლები წვდომა აქვთ ეკონომიკურ და სოციალურ ინფორმაციაზე და მომსახურებაზე. ანგარიში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გასცემს რეკომენდაციას: „გაზარდეთ სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება მათი საკუთრების და მიწის მფლობელობის უფლებებზე.“

ქალებისთვის ქონების უფლებების უზრუნველყოფისა და მასზე წვდომის მნიშვნელობის მიუხედავად, ალტერნატიულ ანგარიშში აღნიშნული საკითხები მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები: ქალთა მიერ საკუთრების ფლობის სტატუსი და მათი ეკონომიკური დამოკიდებულება სხვებზე მხოლოდ სამჯერაა ნახსენები დოკუმენტში. კერძოდ, ამ საკითხებთან მიმართებაში ქალების მოწყვლადობა ნახსენებია მე-11 მუხლის მე-5 რეკომენდაციაში და ანგარიშის 26-ე და 95-ე პარაგრაფებში. ანგარიში ასევე არ წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემებს ქალების მიერ სტრატეგიული ქონების ფლობის შესახებ.


დასკვნა: საქართველოში ქალების მიერ საკუთრების უფლებების სათანადო სარგებლობაში არსებული ბარიერების შესახებ სამომავლო კვლევის ძირითადი ასპექტების მოკლე მიმოხილვა 

როგორც ამ სტატიაშია ნათქვამი, რადგან საქართველოში ქალების მიერ საკუთრების უფლებით სათანადო სარგებლობაში არსებული ბარიერების შესახებ სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაციის არ არსებობს (მიუხედავად გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობისა) და ვინაიდან ეჭვგარეშეა რომ მსგავსი ბარიერები კარგად დაფარულია, აუცილებელია ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა, რომლის მიზანი იქნება ამ დაბრკოლებების წარმოჩენა. კვლევა შესაძლოა მოიცავდეს სამოქალაქო რეესტრიდან მონაცემების გამოთხოვას, რათა დადგინდეს საქართველოში საკუთრების მფლობელი ქალებისა და მამაკაცებს შორის თანაფარდობა; ქალებისა და კაცების საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულებით წილს. სამომავლოდ, საჭიროა ჩატარდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფართო მასშტაბიანი კვლევა დადგინდეს ის ბარიერები, რომელსაც ქალი აწყდება საკუთრების შეძენის/შენარჩუნების პროცესში და მათი გამომწვევი მიზეზები. მაგალითად, საჭიროა დადგინდეს დასაქმებული ქალების პროცენტი, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, ფლობენ საკუთრებას და გაირკვეს რა არის თანაფარდობა მსგავსი სტატუსის მქონე ქალებს და კაცებს შორის; რამდენი საკუთრებაა (მათ შორის უძრავი ქონება) შეძენილი ოჯახის მიერ თანაცხოვრების პერიოდში რომლებიც დარეგისტრირდა ქალზე. აუცილებელია გამოვიკვლიოთ აღნიშნული ბარიერები, რათა მოხდეს საკუთრების უფლებებით ეფექტური სარგებლობა და დაკმაყოფილდეს ქალების ყველა საჭიროება საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტში: შეძენა, ფლობა, მართვა, გადაცემა და სხვა სტრატეგიული ასპექტები.

მნიშვნელოვანია გადაიხედოს და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება ქალების საკუთრების უფლებების შესახებ ქალთა შორის და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. 

<< Previous article

Property Rights Of Women In Georgia And How They Can Be Actually Acquired

Next article >>

Living with fear: Azerbaijan’s domestic abuse victims have nowhere to flee

Subscribe to the newsletter!

Stay updated with the latest articles, news and stories.